პირველი იდეა. პირველი კომპანია. პირველი გაყიდვა.
„მინიკომპანია – ჩემი პირველი ბიზნესი“ არის JA Georgia-ს პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კომპანია Eagle Hills-ის სპონსორობით ხორციელდება, დაწყებითი და საბაზო საფეხურის (7-დან 15 წლამდე) მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების, ფინანსური წიგნიერების, კრეატიულობისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას ემსახურება.
პროგრამა ეფუძნება კეთებით სწავლას: ბავშვები იკვლევენ მომხმარებლის საჭიროებებს, ავითარებენ ბიზნესიდეებს, ქმნიან პროდუქტებს და იღებენ პირველ სამეწარმეო გამოცდილებას.
პროგრამის დაწყებამდე მომზადებას გაივლიან მონაწილე სკოლების მასწავლებლები. ტრენინგზე ისინი გაეცნობიან პროგრამის სასწავლო მასალებს, ასაკზე მორგებულ პრაქტიკულ აქტივობებსა და მოსწავლეთა მინი კომპანიების ხელმძღვანელობის მეთოდებს, რათა ბავშვებს იდეის განვითარებიდან პირველ გაყიდვამდე გაუწიონ მხარდაჭერა.
მოსწავლეებისთვის პროექტი ორ ეტაპს მოიცავს და მასში მონაწილეობას მიიღებს 250–300 მოსწავლე. პირველ ეტაპზე ბავშვები ჩაერთვებიან ასაკზე მორგებულ პრაქტიკულ აქტივობებში. ისინი ისწავლიან მარტივი ბიუჯეტის შედგენას, ხარჯების გამოთვლასა და პროდუქტის ფასის განსაზღვრას, კომპანიის სახელისა და ლოგოს შექმნას, გუნდში პასუხისმგებლობების განაწილებასა და გაყიდვის საფუძვლებს.
მეორე ეტაპზე მოსწავლეები გუნდებად გაერთიანდებიან, შექმნიან მინიკომპანიებს და თითოეული მინიკომპანია მიიღებს 50 ლარს საწყისი კაპიტალის სახით საკუთარი პროდუქტის შესაქმნელად.
პროგრამის ბოლოს გაიმართება „ახალგაზრდა მეწარმეების ფესტივალი“ – გამოფენა-გაყიდვა, სადაც ბავშვები თავიანთ პროდუქტებს მშობლებსა და სტუმრებს წარუდგენენ და პირველ გაყიდვებს განახორციელებენ.
პროგრამა ბავშვებს ეხმარება ინიციატივის გამოვლენაში, გადაწყვეტილებების მიღებაში, პასუხისმგებლობის გაზიარებასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერებაში.
სკოლების, ოჯახებისა და ბიზნესის თანამშრომლობით იქმნება გარემო, სადაც ბავშვების იდეები პრაქტიკულ გამოცდილებად იქცევა.
