+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ლაგოდეხში

2017 წლის 21 ნოემბერს, 12 საათზე, ლაგოდეხში, ახალგაზრდული ტრენინგ ცენტრი - „მეწარმეთა აკადემია“ ოფიციალურად იხსნება. ცენტრი, რომელიც ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd), ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მხარდაჭერით შექმნა, მიზნად ისახავს დაინტერესებულ ახალგაზრდებს დაეხმაროს ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორებიცაა:  გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, არჩევანის გაკეთება, დაგეგმვა, მართვა, სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება და სხვა.

„მეწარმეთა აკადემიაში“ მიმდინარე ტრენინგ პროგრამები მოიცავს 10 აკადემიურ საათს და ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მოზარდებს უვითარებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც შეეხება: მეწარმეობას, ფინანსურ წიგნიერებას და დასაქმებისათვის მზაობას.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციამდე, ცენტრმა სპეციალურად გადაამზადა 40-მდე მოზარდი ზემოაღნიშნულ კომპეტენციებში და „მეწარმეთა აკადემიის“ ოფიციალურად გახსნის ცერემონიაზე მათ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.    

ახალგაზრდული ტრენინგ ცენტრის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), USAID/საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.  

„მეწარმეთა აკადემია“ ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამაში და მიიღოს აქტიური მონაწილეობა მრავალ სახალისო და ინოვაციურ ღონისძიებაში.