2024 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასი“-ში, პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი ორ დღიანი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდა 20 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი დაინტერესებული პირი, რომლებიც მომავალში, „აქსელერატორ X | სოციალური მეწარმეობა“ კურსდამთავრებულთა მიერ შექმნილ ახალგაზრდულ სოციალურ საწარმოებს გაუწევენ მენტორობას.
შეხვედრის პირველ დღეს, მიიღეს ინფორმაცია ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს გაცნობით აქტივობებში. მეორე დღეს იმუშავეს თემაზე „მეწარმეობა, როგორც კომპეტენცია“ ასევე, გაეცნენ „აქსელერატორ X | სოციალური მეწარმეობის პროგრამა“-ს და შეასრულეს მისი ძირითადი აქტივობები.
მენტორინგის კომპონენტის ფარგლებში, შერჩეული ექსპერტები, კომპეტენციისა და გამოცდილების საფუძველზე, დაუკავშირდებიან შესაბამისი მიმართულებით შექმნილ ახალგაზრდულ სოციალურ საწარმოებს, მათთან ერთად, 4 თვის განმავლობაში, იმუშავებენ იდეის დახვეწასა და მისი საბოლოო ფორმით ჩამოყალიბებაზე.
პროექტის შესახებ
პროექტი „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“, ხორციელდება #EU4Youth პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია, წვლილი შეიტანოს ბენეფიციარი ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებისგაძლიერებაში. ამასთანავე, ახალგაზრდა ლიდერებს მისცეს საშუალება, იყვნენ დემოკრატიის აქტიური საყრდენები, საზოგადოების აღმშენებლობასა და პოლიტიკურ დიალოგში.
პროექტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავს. გარდა ამისა, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების შესაძლებლობებს და მრავალმხრივ განავითარებენ სამეწარმეო კომპეტენციებს, მათ შორის კრეატიულობას, შეუპოვრობას, გუნდურ მუშაობას და სირთულეების მარტივი გზებით დაძლევის უნარს. პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დაარსონ ანდა შეუერთდნენ სოციალურ საწარმოებს და გახდნენ პროაქტიული ცვლილებების შემქმნელები, რომლებიც თავს უყრიან, მობილიზებას ახდენენ და შთააგონებენ თანატოლებს და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მათზე. თითოეულ სოციალურ საწარმოს მენტორობას ბიზნეს მოხალისეები ანდა სოციალური მეწარმეები გაუწევენ, ხოლო ყველაზე პერსპექტიული საწარმოები მიიღებენ შემდგომ მხარდაჭერას, საწყის დაფინანსებას, ხილვადობას, კავშირებს, განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობებს. მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია: jag@jag.ge
ჩვენ შესახებ
„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი ქვეყანაში. ასევე, JA Europe-ის მოდელი ორგანიზაცია და მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში. 2018 წლიდან ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების კომიტეტის წევრია. ასევე, 2022 წელს გახდა OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (INFE) პარტნიორი წევრი.
JA Worldwide დაფუძნდა 1919 წელს და ნომინირებულია 2024 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-5 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.